понедельник, 29 апреля 2013 г.

ამისულაშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გაამგზავრეს


 მოსკოვის "სპარტაკთან" რუსეთის თასის გათამაშების 1/4 ფინალური დაპირისპირება "კრასნოდარის" ქართველი მცველისთვის, ალექსანდრე ამისულაშვილისთვის ერთობ უიღბლო გამოდგა - პირველივე ტაიმში მაღალი ბურთისთვის მებრძოლ ჩვენებურს მეტოქემ იდაყვი სახეში ჩაარტყა. ალეკოს ცხვირიდან სისხლის წასკდა და მოედანი დატოვა.

მატჩის შემდეგ ამისულაშვილს მოსკოვის კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარეს. თავდაპირველად ექიმებმა ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინეს და კრასნოდარში მის დაბრუნებას მატჩის მეორე დღესვე ვარაუდობდნენ, თუმცა, როგორც "კრასნოდარის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის ტრავმა გაცილებით სერიოზული ყოფილა და ის კლუბმა სამკურნალოდ გერმანიაში გაამგზავრა.

"კრასნოდარში" გუნდის კაპიტნისა და ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელის მდგომარეობით ძალიან არიან შეშფოთებულნი. კლუბმა ამისულაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"გასაგებია, რომ თანამედროვე პროფესიონალურ ფეხბურთში ტრავმისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ერთია, როცა მოთამაშე ფეხის ტრავმას იღებს, რომლითაც თამაშობს, მაგრამ სულ სხვაა დაზიანება, როგორიც ამისულაშვილმა მიიღო.

გვწამს, რომ სპარტაკელმა ფედორ კუდრიაშევმა, რომელმაც ამისულაშვილს მატჩის შემდეგ მოუბოდიშა კიდეც, ტრავმა ჩვენ ფეხბურთელს განზრახ არ მიაყენა, თუმცა დარტყმის სიძლიერე, რომელსაც ასეთი სერიოზული შედეგები მოჰყვა, ეჭვებს ბადებს.

იმედი გვაქვს, გერმანიაში მკურნალობა კარგად ჩაივლის. ვუსურვებთ ალექსანდრეს სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაუბრუნდება გუნდს, რომლის კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა".

მომზადებულია fckrasnodar.ru-ის მიხედვით


18:37 22-04-2011
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/12152-amisulashvili-samkurnalod-germaniashi-gaamgzavres.html

Комментариев нет:

Отправить комментарий